რა ქონებას ფლობს ნიკა მელია

გასული, 2020 წლის მიწურულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან პარტია 15 დეკემბერს დატოვა. მელია კი ახალ თავმჯდომარედ ელექტრონული კენჭისყრის მეშვეობით აირჩიეს.

2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მელია ფლობს ორ ბინას თბილისში, ასევე ავტოფარეხს, რომლის 15%-იანი წილია მის საკუთრებაში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში- 31 518 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 8 ათასი დოლარი ჰქონდა.

ამასთან, 2019 წელს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ხელფასი, 46 549 ლარს შეადგენდა. მანვე, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2019 წელს მამისგან საჩუქრის სახით 10 ათასი დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. თუმცა, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს, პროკურატურამ პარლამენტს მისი დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. 26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობამ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2019 წლის 12 ნოემბერს პარლამენტარს უფლებამოსილება შეუჩერდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში მიიღო 31 391 ხმა ანუ 44,06% და დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე. მან მეორე ტურში ხმების 10,64% მიიღო.

თაია არდოტელი