კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, ბარი „სახელოსნო“ მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, თავდაპირველად 10 000 ლარით დაჯარიმდა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად კომპანია მაინც აგრძელებდა მუშაობას.

„აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.