არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების განახლებადი სია გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელ შემთხვევებს შორის მოხვდა - ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები. კერძოდ:
ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა. ცნობისთვის, ჭიკაიძე შს მინისტრის პოსტს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა.
თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები
2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა, ამ სახლზე გაწეული ხარჯები კანონდარღვევით დეკლარაციაში არ მიუთითა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს აღნიშნული ხარჯების წარმომავლობა. ლევან იზორია 2020 წლის თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრება
თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კი 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა. ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, სამივე შემთხვევაში უცნობია გამოძიების სტატუსი.