იაპონიის ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რესტორნები საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება, - ამის შესახებ ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მთავრობა თითოეულ რესტორანს, რომელიც სამუშაო საათებს შეამცირებს, თვეში 1.8 მილიონ იენს (17 400 აშშ დოლარს) გამოუყოფს.
გარდა ამისა, შეზღუდვების თანახმად, იმ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ეძლევა, დამსაქმებლებს კი ხელისუფლება მოუწოდებს, თანამშრომლების 70% დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. ამასთან, მოსახლეობას შინ დარჩენისა და არააუცილებელი გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები სკოლების დახურვას არ ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქ ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობა ტოკიოში და საიტამას, ჩიბასა და კანაგავას პრეფექტურებში პარასკევიდან ამოქმედდება და ძალაში 2 თებერვლამდე დარჩება.