საინვესტიციო ბანკმა Galt And Taggart-მა 2021 წლის ინფლაციის პროგნოზი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელს 4.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.
Galt And Taggart- ის აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე დაშვებას ეფუძნება, მათ შორისაა, ლარის გაცვლითი კურსი, პანდემიისა და შესაბამისად, კარანტინის გახანგძლივების რისკი და მსოფლიოში ფასების დონის ზრდა. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ანუ ფულის ფასი შეამციროს იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი განახლდება, ხოლო ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება დაახლოებით 3,1 ლარი იქნება. დღესდღეობით მონეტარული პოლიტკის განაკვეთი საკმაოდ მაღალ, 8%-იან ნიშნულზეა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში -1%-იანი ინფლაცია, ანუ დეფლაცია დაფიქსირდა, ხოლო წლიურ ჭრილში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი 2.4%-ია.
საინვესტიციო ბანკი ასევე პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა აღდგენასა და ზრდას 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე