ამ დროისთვის ცეცხლის ქრობის სამუშაოებს 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყისა თუ მინდვის ხანძრის 7 კერაზე მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გათენებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა მუშაობა ყველა მიმართულებით განაახლეს, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა, არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენლია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.

„შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სფელ ფახულანში და ერთის მარტვილში, სოფელ დობარაზენში. 2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, მათ შორის ერთი ლოკალოზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.