რა მოცულობის დენს მოიხმარს კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია საქართველოში

კრიპტოვალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი კიდევ გაიზარდა და ამჯერად 40 ათას დოლარს გასცდა.

ზრდამ 8,5% შეადგინა - იუწყება CoinDesk. ამით კრიპტოვალუტის ფასმა მორიგ ჯერზე გააუმჯობესა ისტორიული მაქსიმუმი. მიმდინარე კვირის დასაწისში ამ კრიპტოვალუტის ფასმა 35 ათას დოლარიან ნიშნულს მიაღწია.

2020 წლის ელექტრობალანსის თანახმად, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია „ბი ეფ დი სი“ (Bitfury) საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 5%-ს მოიხმარს.

ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს ჯამში 13 კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან - „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის ფოლადი", კრიპტოვალუტის მწარმოებლები შპს „ბი ეფ დი სი“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „ბი ეფ დი სი“ ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით იმ 6 კომპანიას შორის არის, რომლებიც ყველაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. კერძოდ, ეს 6 კომპანია, რომელმაც სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი - 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს, ასე გამოიყურება:

  • "ჯორჯიან მანგანეზი" - 910.4 მლნ კვტ/სთ;
  • „რუსთავის აზოტი“ - 242.6 მლნ კვტ/სთ;
  • „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ - 185.3 მლნ კვტ/სთ;
  • "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" – 163 მლნ კვტ/სთ;
  • „რუსთავის ფოლადი“ - 155.4 მლნ კვტ/სთ;
  • „ბი ეფ დი სი“ - 109.9 მლნ კვტ/სთ.

ცნობისათვის, Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში ბიტკოინების მწარმოებელ კომპანიას "ბი ეფ დი სი ჯორჯიას."

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს.

თაია არდოტელი