Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს, - ამის შესახებ ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც აცრა გაუკეთეს.
კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართ, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე გამოსცადეს.
მეცნიერის თქმით, კვლევები სხვა მუტაციებზეც გაგრძელდება.
მისი თქმით, შეშფოთებას სამხრეთ აფრიკის ვარიანტში აღმოჩენილი კიდევ ერთი, E484K მუტაცია, იწვევს. Reuters-ი წერს, რომ მეცნიერები მსგავსი კვლევის ჩატარებას ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილ სხვა მუტაციებზეც გეგმავენ.