ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ. 20 000 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების (ხელოვნური მზე) შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით, „საქონელი უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი; მონტაჟი კი მოიცავს, საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს“, რომელსაც იხდის მიმწოდებელი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს.
ცნობისათვის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ, რაშიც 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.