შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი 6 თვის შემდეგ

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 6 თვის შემდეგ სწორედ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები იქნება და ელექტროენერგიის ახლახანს დადგენილი ტარიფების შემცირება ან გაზრდა დაგეგმილი არ არის.

„გავაკეთებ რამდენიმე განმარტებას, ვინაიდან, ელექტროენერგიის ტარიფები დადგენილი იყო 3 წლის ვადით და ეს ვადა იწურებოდა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, უნდა დადგენილიყო ახალი ტარიფები.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ დადგენილი წესის მიხედვით, ტარიფების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მოგვმართავენ კომპანიები. ისინი წარმოადგენენ თავიანთ სატარიფო განაცხადებს, სადაც არის მათი ყველა ტიპის ხარჯი, რომელიც აქვთ გაწეული და მომავალში გასაწევი. ასევე, წარმოდგენილია საინვესტიციო პროექტები, რომელიც გულისხმობს ზუსტად იმ პრობლემური ელექტროსადენების, ბოძების, ტრანსფორმატორების გამოცვლას და ა.შ. იქ, სადაც დატვირთვები იმატებს, იმ უბნებში, რაიონებში, სოფლებში დამატებითი პროექტების განხორციელება, სწორედ ენერგიის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდებისთვის ხდება. შესაბამისად, ჩვენ ამ და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობთ, დავიწყეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯების აუდიტი. ამის შედეგად, ხარჯები მნიშვნელოვნად დაიწურა. ჩვენ თითქმის, 30 მლნ ლარამდე არ გავითვალისწინეთ „თელასის“ და „ენერგოპროსთვის“.

ამასთან, წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების ანალიზი გაკეთდა და ამის საფუძველზე, ხარჯები აქაც დაიწურა. შემდეგ უკვე, მიღებული მაჩვენებლები ჩავსვით სპეციალურ ფორმულაში, რომელიც დადგენილია ტარიფების გაანგარიშებისთვის და დავადგინეთ ახალი სამომხმარებლო ტარიფი, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

გამოვეხმაურები კიდევ ერთ საკითხს - ითქვა, რომ 6 თვეში მარეგულირებელ კომისისას მოუწევს ახალი ტარიფების დადგენაო. თუმცა, აქ ჩვენ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები გვექნება და რაიმე არსებითს ახლანდელი ტარიფების მიმართ არ ველოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი და მსხვილი მომხმარებლები იყიდიან ბაზარზე, ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები. ანუ, გამანაწილებელი კომპანიები. ამიტომ, ეს იქნება უფრო სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები. ამდენად, ნუ გავაჩენთ მოლოდინს, რომ როდესაც ჩვენ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ხელახლა გადავამტკიცებთ ტარიფს და კომპონენტების ცვლილება იქნება, ეს არსებითად რაიმე სახით აისახება მომხმარებლებზე. ამის მოლოდნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ გავქვს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნინი ქეთელაური