საბერძნეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ორი კვირით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანოზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეზღუდვა, რომელიც ავიამგზავრებს საბერძნეთში ჩასვლამდე 72 საათის პერიოდში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ავალდებულებს და რომლის მოქმედების ვადაც 7 იანვარს იწურებოდა, 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.
ამასთან, განახლებული შეზღუდვების ფარგლებში, საბერძნეთში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინში ყოფნა 3 დღის ნაცვლად 7 დღის განმავლობაში მოუწევთ. დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კი, ქვეყანაში შესვლისთანავე სწრაფ ტესტს გაუკეთებენ.
ცნობისათვის, საბერძნეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 142 777 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 146 პაციენტი დაიღუპა.