1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 65-67 ლარია, შესაბამისად 10-ლარიანი სუბსიდია აღარ არის საკმარისი, რომ წისქვილ-კომბინატებმა 53 ლარად მიაწოდონ ფქვილი მასობრივი მოხმარების პურის ქარხნებს - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლევან სილაგავას თქმით, ახალი ტენდერი 20 იანვრის შემდეგ უნდა გამოცხადდეს და თუ პირობები იგივე იქნება, შესაძლოა, ბევრ კომპანიას აღარ გაუჩნდეს მონაწილეობის ინტერესი.
,,დღეს პირველი ხარისხის ერთ ტომარა ფქვილის ფასი 65-67 ლარია. გაზრდილი ფასი განპირობებულია საექსპორტო ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდით სექტემბრიდან დღემდე. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამას, ის 4-თვიანია, დაიწყო 1-ელ დეკემბერს და დამთავრდება 1-ელ აპრილს. თუმცა პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად, პირველი ტენდერი, რომელიც ჩატარდა უზრუნველყოფდა 2-თვიან მიწოდებას, რომლის ვადაც იწურება 1-ელ თებერვალს. მაშინ ბაზარზე არსებული ვითარება განსხვავებული იყო. 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 53 ლარს შეადგენდა.
20 იანვრის შემდეგ, გაიმართება შემდეგი 2 თვის ტენდერი, ჯერ არ ვიცით გადაიხედება თუ არა სუბსიდირების პარამეტრები. ჩვენ, ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და არ ვიცით ჯერ, კერძო კომპანიები რას გადაწყვეტენ, მათი მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პირველი ტენდერის პირობების მიხედვით, 10-ლარიანი სუბსიდირება ხდება და წისქვილკომბინატების მხრიდან პურის ქარხნებს ფქვილი უნდა მიეწოდოთ 53 ლარად, ახლა კი როცა ფასი 65 ლარს ასცდა 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისი არ არის. თუ პირობები იგივე იქნება, შეიძლება, რომ კომპანიებს ინტერესიც არ ჰქონდეთ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. 10-ლარიანი სუბსიდირება აღარ ჰყოფნის იმას, რომ 53 ლარად იყოს ფქვილი მიწოდებული პურის ქარხნებისთვის. შესაძლოა, ამ ტენდერის პირობის ცვლილება გახდეს საჭირო. მექანიზმები მოსაფიქრებელია. ჩვენ, ჩვენის მხრივ ვაყენებთ შესაბამის სამინისტროებს და უწყებებს საქმის კურსში“,-განაცხადა მან.
ლევან სილაგავა, იმ ფაქტორებზეც საუბრობს, რომელიც საექსპორტო ხორბლის მაღალ ფასთან ერთად, ღირებულების ზრდას უწყობს ხელს.
,,არსებობს კიდევ ორი გამოწვევა. პირველი - ეს არის ლარის კურსის გაუფასურება, რაც თავის გავლენას ახდენს ხორბლის შემოტანის ფასზე. მეორე კი არის ახალი გამოწვევა, ეს არის ელექტროენერგიის ტარიფის მატება. წისქვილ-კომბინატები მუშაობენ დენზე და მისი გაძვირება გამოიწვევს ფქვილის გაძვირებას. პირველი ტენდერის გამოცხადებისას კი დაანონსებულიც არ იყო ტარიფის ზრდა.
აუცილებლად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სუბსიდირება ხდება არა სექტორისთვის, არამედ მომხმარებლისთვის. ჩვენ გვირჩევნია, რომ ფასის მატება ხდებოდეს იმის მიხედვით, როგორია საბაზრო ღირებულება, თუმცა ეს მძიმედ აისახება მომხმარებელზე და ამიტომ ასუბსიდირებს სახელმწიფო მასობრივი მოხმარების პურის ფასს“,-განაცხადა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ხორბლის ფქვილის სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფქვილის სუბსიდირების ბენეფიციარი ერთ ტომარას 53 ლარზე ძვირად გაყიდის, 50,000 ლარით დაჯარიმდება