„არ იყო მოთხოვნა, ამიტომაც არ არსებობდა სერვისი“ - ICR-ჯგუფი საქართველოში ონლაინ-ვაჭრობის პრობლემებზე

„არ იყო მოთხოვნა, ამიტომაც არ არსებობდა სერვისი“ - ამის შესახებ ICR-ჯგუფი-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიების ნაწილს, ნამდვილად ჰქონდა ონლაინ-ვაჭრობის პრობლემა, რადგან არ არსებობდა მსგავსი მოთხოვნა და შესაბამისად, არ იყო სერვისიც. ICR-ჯგუფის შემთხვევაში კი ლოქდაუნის დროს, ონლაინ გაყიდვების წილი 10-15%-ს აღწევს.

,,ონლაინ ვაჭრობა ლოქდაუნის დროს ჩვენი კომპანიის შემთხვევაში 10-15%-ს აღწევს, როცა ლოქდაუნი არ არის, ჩვეულებრივ 3% უჭირავს.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ გვერდზე ქუჩიდან უფრო რთულია ნივთის გამოწერა, ვიდრე აშშ-დან, ვიტყოდი, რომ ჩვენთან უბრალოდ ონლაინ-გამოწერის კულტურა არ არსებობს. ამას მარტივი მიზეზი აქვს, პანდემიამდე ონლაინ ვაჭრობა ასოცირებული იყო პრემიუმ ბრენდების გამოწერასთან, რომელსაც ადამიანები ფასდაკლებით ყიდულობდნენ. ეს ბრენდები კი საერთოდ არ არის საქართველოში. ამიტომაც იყო ეს გამოწერები მიბმული და ასოცირებული ქვეყნის გარედან შეკვეთაზე.

პანდემიის დროს, ამ რეალობიდან გადაწყობა გაუჭირდა ბიზნესსაც და მომხმარებლების ნაწილსაც. კომპანიებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს ამ სერვისზე მუშაობა, ბუნებრივია, გაუჭირდათ და ჰქონდათ პრობლემებიც. საიტებიც კი არ ჰქონდა ყველას და ძირითადად სოციალური ქსელით ყიდდნენ თავიდან, რაც ბევრ ხარვეზს იწვევდა. შეკვეთის და დელივერის (მიწოდების) ნაწილშიც. არ არსებობდა მოთხოვნა და არ არსებობდა პროდუქტი. ეს იყო რეალური პრობლემა, საფუძვლით, ჩვენს კომპანიას, მსგავსი შეფერხება არ ჰქონია“-განაცხადა კახა ხაზარაძემ.

თამარ მუკბანიანი