ბაზრისთვის ჯერ კიდევ ეგზოტიკური პროდუქტის მოყვანას ბიო მეურნეობის „სამყურას“ მფლობელი მცირე რაოდენობით აპირებს, რადგან არ იცის, როგორი იქნება პანდემიური ფონი და შეძლებს თუ არა მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას. როგორც ნიკა ბაგალიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ივნისიდან შავ პომიდორთან, იასამნისფერ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად ფერადი წიწაკებიც გამოჩნდება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ამ დრომდე არ არის.
,,ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვყიდი ჩემს პროდუქციას. ზაფხულში მქონდა მიტანის სერვისიც მოპედით, თუმცა შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო, მომიწია გამეუქმებინა. ძირითადი გასაღების ადგილი თბილისია. მართალია, ცალკეულ მარკეტებშიც შეიძლება ყიდვა, თუმცა მაინც ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვარ ორიენტირებული. ჩემი კონცეფცია ასეთია - ფერმიდან სუფრაზე.
წელს პირველად მექნება შავი პომიდორი, ივნისის ბოლოდან იქნება შეძენა შესაძლებელი. რომელიც ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს გემოც ნამდვილად იგრძნობა.
ასევე წელს ვაპირებ იასამნისფერი კარტოფილის და იასამნისფერი სტაფილოს მოყვანას. უბრალოდ, ვერ დავრგავ დიდი ოდენობით, რადგან ეს მაინც სარესტორნო პროდუქციაა და პანდემიის გამო, არ ვიცი როგორი იქნება სიტუაცია მოსავლის აღების დროს. რამდენად იმუშავებენ რესტორნები.
ბაზრისგან განსხვავებულია ფერადი წიწაკები, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის და მასაც მოვიყვან. შავი პომიდვრის გარდა სხვა, მცირე ზომის ფერად პომიდვრებიც გვექნება“, -განაცხადა ,,სამყურას“ მფლობელმა.
მისივე თქმით, „სამყურას“ პროდუქციაზე, რომელიც აქამდე მოჰყავდა, მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. თუმცა როგორი იქნება 2021 წელი, ჯერ არ იცის. არ გამორიცხავს, რომ მაღალი ფასის გამო წელს მყიდველი ცოტა ჰყავდეს.
,,ჩემს პროდუქტზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია და რეალიზაციის პრობლემა ჯერ არ მქონია. თუმცა, სტანდარტულ ფასთან შედარებით ჩემი პროდუქცია ძვირია და რამდენად ექნება ხალხს მისი შეძენის საშუალება პოსტ პანდემიურ პერიოდში, არ ვიცი. ვშიშობ, რომ წელს მოთხოვნა შემცირდენბა“, - განაცხადა ბაგალიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ბიო მეურნეობა „სამყურა“ ალაზნის ველზე წნორში მდებარეობს. „სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.