საქართველოდან თაფლის ექსპორტის საკითხი ისევ პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარს მიაწოდოს, თაფლი მაინც მცირე მოცულობით გადის. 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, ექსპორტზე მხოლოდ 8.48 ტონა თაფლი გავიდა, რაც წინა წლის მონაცემზე მხოლოდ 2.11 ტონით მეტია.
როგორი იყო მეფუტკრეთა გაერთიანებისთვის პანდემიის წელი და რა გამოწვევების წინაშე დგანან 2021 წელს - გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ შეაჯამა.
ალეკო პაპავას თქმით, ქართული თაფლის მიმართ მსოფლიო ბაზარზე ინტერესი მზარდია, თუმცა რიგი პროცედურული საკითხები ექსპორტს აფერხებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს მოთხოვნა და ინტერესი გაიზარდა ქართული თაფლის მიმართ, მთელი რიგი პროცესები გვიშლიდა რეალიზაციაში ხელს. ეს არის ჭურჭლის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან და სხვა ბევრი პროცედურული საკითხი, რასაც ხელი შეუშალა პანდემიამ. საექსპორტო მიმართულებით, რაც მთავარი სირთულე იყო წლის განმავლობაში, ძალიან გვიჭირდა ნიმუშების გაგზავნა შემკვეთ ქვეყნებთან. ძალიან ბევრი სირთულე იყო ამ კუთხით. ხშირად რამდენიმე ქვეყნის გავლით ვაწვდიდით პროდუქტის ნიმუშებს.
ჩვენ, სამინისტროსგან ვითხოვდით დახმარებას 200 ნიმუშის სუბსიდირებაზე, რაზეც უარი მივიღეთ. ეს არის ერთადერთი დახმარება, რაც მთავრობისაგან გვინდოდა და სულ 150 000 ლარზე იყო საუბარი. გვითხრეს, რომ ეს თანხა არ აქვს სამინისტროს. ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია საქართველოშიც არსებობს, მომხმარებელი სანდოობის მხრივ ითხოვს, რომ თაფლს საფრანგეთის ან გერმანიის ლაბორატორიებში ჰქონდეს შემოწმება გავლილი“, - ამბობს პაპავა.
მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე თაფლზე მოთხოვნის მატების მიუხედავად, შემცირდა ფასი. „2020 წელი მეფუტკრეებისთვის უხვმოსავლიანი წელი იყო, ექსპორტის მოცულობამ კი დაიკლო, და ამიტომ გახდნენ იძულებული დაეწიათ თაფლზე ფასი.
,,საქართველოში, მხოლოდ 5%-ია პროფესიონალი მეფუტკრე, რომელსაც 150-200 ოჯახი ჰყავს. 95% კი მოყვარული ფერმერია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სკა აქვს. ვისაც დიდი რაოდენობით თაფლი ჰქონდათ, მათ უფრო გაუჭირდათ რეალიზაცია, მცირე მოსავლის რეალიზაცია კი ბევრად მარტივია“-ამბობს ალეკო პაპავა.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საექსპორტოდ 8.48 ტონა თაფლი 10 ქვეყანაში გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.37 ტონა ნატურალური თაფლი - 17 ქვეყანაში. 2020 წელს, ყველაზე მეტი, 4.61 ტონა აშშ-ში გავიდა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის ოფიციალურ ინფორმაციაში ჯერ ასახული არ არის დეკემბერში, ევროკავშირის ბაზარზე გასული 10 ტონა თაფლი, რომელიც იტალიაში გაიყიდა.