"დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო"

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც პანდემიის შედეგად ფორმალურ სექტორში დასაქმებულები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი 6 თვის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

„აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით უნდა მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკომპენსაციო პაკეტისთვის 2021 წლის ბიუჯეტში 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული.