არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების განახლებადი სია გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს შორის მოხვდა - დეპუტატების ან სხვა ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. კერძოდ:
კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა და გამოავლინა 21 კონკრეტული შესყიდვა, სადაც სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირი იკვეთება. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.
დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლის შემდეგ 6,264,688 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. თანხის ნაწილი გამარტივებული შესყიდვაა, ხოლო ტენდერების შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ სატენდერო პირობები შეიძლება მორგებული იყოს ოთარ ჯაფარიძის კომპანიაზე.
დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის ნათესავების 3-მა კომპანიამ (ბიძაშვილი რომან ბოლქვაძე - შპ „გიგა 2015”, რძალი გურანდა გობაძე - შპს „აისი” და მამიდაშვილის შვილი არჩილ ქედელიძე - შპს „ქედე”) აჭარაში შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი დიდწილად უკონკურენტოდ მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის ნათესავის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ (შპს “მშენინვესტი” და ინდ. მეწარმე) 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი შესყიდვები მან საჩხერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო.
კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში
თბილისის მერიის მიერ 2019 წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის განხორციელებულ შესყიდვებში (6.6 მლნ ლარი) მორგებული ტენდერების და კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა. ჩნდება ეჭვი, რომ საახალწლო შესყიდვები მორგებულია იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტოდ იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს.
გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში
კახეთში ორი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გიორგი ზედელაშვილთან (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე) დაკავშირებული კომპანიებისთვის შესაძლოა ხელოვნურად შეიქმნა ხელსაყრელი პირობები.
გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა” 2013 წლის შემდეგ მსხვილი ტენდერების მოგება დაიწყო (105 მილიონზე მეტი მხოლოდ კახეთის რეგიონში). საეჭვო გარმოებებს შორისაა: კონკურენტთა დისკვალიფიკაცია, შეწყვეტილი ტენდერები, უკონკურენტო ტენდერები.
ყოფილ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ახალქალაქი-ნინოწმინდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამმა კომპანიამ 2010-2019 წლებში ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 2,312,278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობდა.
ყოფილ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები (შპს “იბოლია”, შვილი ოფელია მაკრახიძე - შპს “შარა”, ძმა ალექსანდრე მარკახიძე - შპს „არქმშენსტუდია 2002”) ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.
მორგებული პირობების სავარაუდო გამოყენება სახელმწიფო შესყიდვებში
2013-2018 წლებში საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისგან” (რომლის დამფუძნებელი გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია) 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული წარმოების „ნივები” შეისყიდეს, სავარაუდოდ, მორგებული პირობებით.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, ყველა ამ შემთხვევაში უცნობია გამოძიების სტატუსი.