კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება 6 თვით გახანგრძლივდა

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

„2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება. ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთ-ერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერჯერობით ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. საქართველოს მთავრობა, აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.