რას ნიშნავს ევროპის „მწვანე მომავალი“ და როგორ აპირებენ ქვეყნები გარემოს დაბინძურებაზე უარის თქმას

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემებია, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის არსებობას საფრთხე შეუქმნას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათზე ყურადღებას არაერთი განვითარებული სახელმწიფო ამახვილებს და გარემოზე ზრუნვისკენ სხვებსაც მოუწოდებს.

მათ შორის ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირი. ევროპულ გაერთიანებას საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს - მათ სურთ 2050 წლისთვის კავშირში არსებულ ქვეყნებში ნახშიროჟანგის გამოყოფა ნულოვან მაჩვენებელზე დავიდეს და გარემოს ზიანი არ მიაყენონ.

საინტერესოა ვნახოთ, თუ როგორ აპირებს ამ მიზნის მიღწევას ევროკავშირი.

პირველ რიგში გაერთიანებაში სურთ, არ გამოიყენონ ის ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გარემოს აზიანებს. ასეთ რესურსებს მიკუთვნება ნავთობი, თბოელექტროსადგურები, ქვანახშირის გამოყენება და სხვა.

მათ ნაცვლად კი წლიდან-წლამდე იზრდება განახლებადი რესურსების გამოყენება და ევროპის ქვეყნები ელექტროენერგიას წყლის, ჰაერისა და მზის ენერგიების გამოყენებით იღებენ.

საწვავზე მომუშავე ავტომობილები

ევროპის რიგმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს კანონები, რომელთა მიხედვითაც რამდენიმე წელში საწვავზე მომუშავე ავტომობილები სრულიად აიკრძალება და მათ ნაცვლად ელექტრომობილების გამოყენებაზე გადავლენ.

მაგალითისათვის, ავსტრიასა და ბელგიაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები 2027 წლიდან აიკრძალება, დანიაში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში კი- 2030 წლიდან.

განახლებადი რესურსების გამოყენება

ამასთან, ევროპის მწვანე გეგმა ახალი ტექნოლოგიების განვითარებასაც გულისხმობს, რამაც მომავალში ბუნებრივი რესურსების გამოყენება უნდა შეამციროს და ელექტროენერგიის მისაღებად ქარის, მზისა და წყლის რესურსების გამოყენება გაზარდოს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ევროკავშირში გამომუშავებული ელექტროენერგიის 19.7% განახლებადი რესურსებით იყო გამომუშავებული, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარია. გაერთიანების მიზანია 2050 წლისთვის მათი პროცენტული წილი კიდევ უფრო გაიზარდოს.

სოფლის მეურნეობა

ევროპის მწვანე შეთანხმება სოფლის მეურნეობასაც მოიცავს. ევროკავშირის ქვეყნები ფერმერებს მოუწოდებენ მოსავლის მოყვანისას არ გამოიყენონ ის ქიმიკატები და პესტიციდები, რომლებიც გარემოს აზიანებს და ისინი ნაკლებად მავნე ნივთიერებებით ჩაანაცვლონ.

ეკოლოგია

გარემოს დაბინძურების შემცირების გარდა, ევროკავშირის მიზანია რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. გეგმის მიხედვით, 2050 წლამდე ევროკავშირის მთლიანი ტერიტორიის 30% ბუნებრივი ან ხელოვნურად შექმნილი ტყეებით უნდა იყოს დაფარული, რისთვისაც მხოლოდ 2030 წლამდე 3 მილიარდი ხე დაირგვება.

ბექა ბერიაშვილი