2020 წელს ვაკანსიების რაოდენობა 32%-ით შემცირდა - რა პროფესიებზე გაჩნდა მოთხოვნა

კორონავირუსის პანდემიის გამო შრომის ბაზრისთვის 2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქვეყანაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერდა, რაც ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

როგორც დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, ბაზარზე ვაკანსიების შემცირება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. საერთო ჯამში 2020 წელს წინა წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა 32 %-ით შემცირდა. თუმცა ამასთან, გარკვეულ პროფესიებზე მოთხოვნა შედარებით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, პანდემიის პერიოდში რომელ პროფესიებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა და შესაბამისად, ამ პერიოდში რა სახის ვაკანსიები იდება დასაქმების საიტებზე ყველაზე ხშირად.

განცხადებების პლატფორმა SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ 2020 წელს ყველაზე ხშირად განცხადებები შემდეგ ვაკანსიებზე დაიდო:

  • ძიძა, მომვლელი, დამხმარე - 997
  • მზარეული, მცხობელი - 800
  • დამლაგებელი, მრეცხავი - 795
  • მძღოლი - 466
  • სხვა - 451

რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, როგორც SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, 2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია:

  • გამყიდველი, მოლარე - 2428
  • მზარეული, მცხობელი - 2120
  • დამლაგებელი, მრეცხავი - 1592
  • სხვა - 1298
  • ძიძა, მომვლელი, დამხმარე - 1069

როგორც დასაქმების სააგენტო hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 2020 წელი ვაკანსიების მკვეთრი კლებით ხასიათდებოდა.

„შრომის ბაზრისთვის 2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გვქონდა ვაკანსიების მკვეთრი კლება, რაც ბაზარს დღემდე ახასიათებს.

2020 წელს მოთხოვნა გაიზარდა კურიერებზე, ქოლ ცენტრის ოპერატორებზე და აიტი მიმართულების კადრებზე, თუმცა პირველ ადგილზე მაინც გაყიდვების სფეროა (კონსულტანტი, მოლარე და ა.შ.)

2020 წლის მარტიდან ვაკანსიების კლება დაიწყო. ქვეყნისთვის აპრილი და მაისი ყველაზე რთული იყო, რადგან ვაკანსიების რაოდენობა 80 %-ით შემცირდა. ივნისიდან მცირე მატება დაიწყო, თუმცა ძველ ნიშნულს მაინც ვერ დაუბრუნდა. ჯამურად 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა 32 %-ით შემცირებულია.

მკვეთრად შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა, ფაქტიურად საიტებიდან მაღალი პოზიციები გაქრა.

რაც შეეხება რეგიონებს, ვაკანსიების 85 % თბილისზე მოდის, დანარჩენი 15 % კი სხვადასხვა რეგიონებზეა გადანაწილებული.“ - განაცხადა შახბაზიანმა.

ლიკა ამირაშვილი