"თანამშრომლების გარკვეული რაოდენობის პერიოდული ტესტირება იქ, სადაც მეტი შეხება აქვთ ერთმანეთთან ან მომხმარებელთან, კარგი გარანტიაა, რომ ბიზნესი უსაფრთხოდ იფუნქციონირებს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობის პერიოდული ტესტირება იქ, სადაც მეტი შეხება აქვთ ერთმანეთთან ან მომხმარებელთან, საკმაოდ კარგი გარანტიაა იმისა, რომ ბიზნესმა უსაფრთხოდ იფუნქციონიროს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განმარტა, ზოგიერთი ბიზნეს-სექტორი კორონავირუსზე თანამშრომლების პერიოდულ ტესტირებას საკუთარი სურვილითაც ატარებს.

„დღესაც გვაქვს საკმაოდ ბევრი შემთხვევა, როდესაც ბიზნესები, განსაკუთრებით იქ, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს ერთ სივრცეში, თავისი ნება-სურვილით თანამშრომლების პერიოდულ ტესტირებას ატარებენ. ამის კარგი მაგალითია მომპოვებელი, საფეიქრო, კვების ინდუსტრია. დღესაც ხდება პერიოდული ტესტირება იმიტომ, რომ პირველ რიგში, ბიზნესი დაინტერსებულია იმით, რომ მათი მომხმარებელი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესის გამართული მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, ერთგვარი მარკეტინგული ხერხიც არის. თქვენც, როგორც მომხმარებლები, ალბათ ისეთ ადგილას მიხვალთ, სადაც იცით, რომ უსაფრთხოდ მოგემსახურებიან. რამდენად სავალდებულო იქნება ყველა ბიზნესისთვის ან რა ფორმით მივუდგებით, ამაზე ვმუშაობთ და ამისთვის არის სწორედ ეს შეხვედრები. თუმცა, ვფიქრობ, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობის პერიოდული ტესტირება იქ, სადაც მეტი შეხება აქვთ ერთმანეთთან ან მომხმარებელთან, საკმაოდ კარგი გარანტიაა იმისა, რომ ბიზნესი უსაფრთხოდ იფუნქციონირებს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ მოსაზრებები გვაქვს, რომელსაც ბიზნესთან გავივლით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საბჭოზე საბოლოოდ“,-განაცხადა თურნავამ.