ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მთავარი სწრაფვა ძალაუფლების მოხვეჭა კი არა, არამედ ქვეყანაში სტაბილური გარანტიების შექმნაა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესი ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტია.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი პოლიტიკოსია და ამავდროულად დიდი ქველმოქმედია. დღევანდელი მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესი ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო. ის პოლიტიკაში იმ დროს მოვიდა, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და როცა ქართულ საზოგადოებას ცვლილებები სწყუროდა. მან ეს ცვლილებები მოიტანა და ქვეყანას დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა. ამ წლების განმავლობაში მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი დაამკვიდრა, ასევე ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული.
დღეს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მესამედ, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის მანდატი ისევ „ქართულ ოცნებას" მიანიჭა, ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან მიდის და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ სტაბილური გარანტიები შექმნა იმისა, რომ რევანში შეუძლებელია. საქართველოს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი რევოლუციას და ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია", - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.