ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და აღიარება ექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კორონავირუსის ჩინურ ვაქცინაზე ისაუბრა.
იმნაძის თქმით, ვაქცინის სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩინეთს თუ შევხედავთ და სხვა ქვეყნების სიტუაციას, ეს რაღაცას გვაჩვენებს. ჩვენთან არსებობს კანონი, კანონით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება, ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ე.წ. აღიარებითი რეჟიმი, ამაში არის დაახლოებით 55 ქვეყანა. ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატების FDA, ავსტრალიის მარეგულირებელი, რომელსაც აღიარებითი რეჟიმით შემოტანა ექნება.
ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული.
სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში ბავშვებისათვის გეგმური ვაქცინაციისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული, ექვსკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე ძვირი ვაქცინა, იმიტომ, რომ ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ვაქცინა. ბოლო წლებში იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში ოთხჯერ გაიზარდა, რათა ჩვენს ბავშვებს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები ჰქონდეთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში“,-აცხადებს იმნაძე.
პაატა იმნაძის თქმით, „კოვაქსის პლატფორმაზე“ ვაქცინა ჯერ არ არის.
„ჯერჯერობით საუბარია „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე. „კოვაქსის“ პლატფორმას, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინა არცერი ქვეყნისთვის არ მიუწოდებია. „კოვაქსის“ პლატფორმაზე ვაქცინა ჯერ არ არის“,-აცხადებს იმნაძე.