"ამჯერად ჩვენ რასაც განვიხილავთ, ესაა „ფაიზერის", „ასტრაზენეკას” და „მოდერნას" ვაქცინები"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტზე რაც არ უნდა ლობირება განხორციელდეს, თუ მას არ იქნება მექანიზმი ხარისხისა და სანდოობის, ქვეყანაში მისი შემოტანა ვერ მოხდება. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას, საქართველოში მოხდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით, არც მკაცრი მარეგულირებლით და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა.

„ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი", „სინოფარმი“ ჩვენთვის ყველაზე ცნობილი, წინ წასული ვაქცინაა, იმ ჩამონათვალიდან, რომელიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება. აქედან არც ერთი, ჯერჯერობით, არც მკაცრი მარეგულირებლით და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა აღიარებული. ამჯერად ჩვენ რასაც განვიხილავთ ესაა: „ფაიზერის" ვაქცინა, „ასტრაზენეკას” ვაქცინა და „მოდერნა", ასევე არის ვაქცინის ის კანდიდატი, რომელიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს.

დღესაც რომ გვქონდეს „ფაიზერის" ვაქცინა, სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, - 80 გრადუსზე მაცივრები, სადაც ამ ვაქცინების შენახვა შესაძლებელია. ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია, რომ ვაქცინა ქვეყანაში მოხვდეს, ესაა: პრეკვალიფიკაციის პირობა, მისი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. რაც არ უნდა ლობირება განხორციელდეს, თუ არ ექნება მექანიზმი ხარისხისა და სანდოობის ფარმაცევტულ პროდუქტს, ვაქცინა იქნება ეს თუ სხვა, მისი ქვეყანაში შემოტანა ვერ მოხდება", - განაცხადა გაბუნიამ.