რომელია ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა მსოფლიოში და სად მიმდინარეობს ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად

კორონავირუსი დამარცხების მიზნით გასული წლის დეკემბრიდან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო. Bloomberg-ის ბოლო მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის მსოფლიოს 42 ქვეყანაში უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. გამოცემის მიხედვით, 2021 წლის ყველაზე დიდი გამოწვევაა წლის ბოლომდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რასაც ვირუსთან ბრძოლის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია

რეიტინგში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით მიმდინარეობს. ამ დროისათვის ქვეყანაში სულ 9 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც ჩინეთის მოსახლეობის 0.64%-ს შეადგენს.

მე-2 ადგილს აშშ იკავებს, სადაც ვაქცინაცია 8 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა (მოსახლეობის 2.44%). აშშ მოქალაქეების ვაქცინაცია Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.

რეიტინგში მათ გაერთიანებული სამეფო (2 მილიონი), ისრაელი (1.8 მილიონი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (1. 08 მილიონი), რუსეთი (800 000) და იტალია (627 000) მოჰყვებიან.

რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად

რეიტინგში აშკარა უპირატესობა აქვს ისრაელს, სადაც ამ დროისთვის მოსახლეობის 20%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

მე-2 ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, სადაც ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინაცია 10-ს ჩაუტარდა. მე-3 ადგილს ბაჰრეინი იკავებს 6%-ით, მეოთხეზე კი გაერთიანებული სამეფოა 2.99%-ით.

რომელ ვაქცინას იყენებენ ქვეყნები

აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 2 პრეპარატით- Pfizer/BioNTech’s-ისა და Moderna-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.

Pfizer/ BioNTech’s-ის პრეპარატით მიმდინარეობს ვაქცინაცია ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

რაც შეეხება ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს, მათ ავტორიზაცია გაერთიანებულ სამეფოში გაიარეს და ვაქცინაცია უკვე დაიწყო. AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა ასევე გასცეს მექსიკაშიც.

ჩინეთში ვაქცინაცია ადგილობრივ კომპანია Sinopharm-ის ვაქცინით მიმდინარეობს. პარალელურად ქვეყანაში კვლევები მიმდინარეობს ახალ ვაქცინებზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ.

რუსეთში კი ვაქცინაცია რუსული Sputnik V-ით მიმდინარეობს.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა მსოფლიოში

Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა AstraZeneca’s-ს ვაქცინაზეა. უკვე გაფორმებული 90-ზე მეტი შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნებს 1.48 მილიარდი ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

რა ღირს ვაქცინები

Healthline-ის მიხედვით, ამჟამად არსებული ვაქცინების ფასი 3-დან 37 აშშ დოლარამდე მერყეობს.

Moderna-ს ვაქცინის ფასი, რომელსაც ინტერვალით, ორჯერ აცრა სჭირდება, 32-დან 37 დოლარამდე ღირს.

Pfizer-ის ვაქცინას ასევე ორჯერ აცრა სჭირდება და დაახლოებით 20 დოლარი ღირს.

ყველაზე იაფი AstraZeneca’s-ს ვაქცინაა, რომლის ფასიც 3-4 დოლარს შეადგენს.

ბექა ბერიაშვილი