არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი - განაცადა ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur-თან ინტერვიუში.
ამით „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ფონდი „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების საკითხს გამოეხმაურა.
„აქტივებს რაც შეეხება, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“, - განაცხადა ივანიშვილმა entrepreneur-თან ინტერვიუში.
ამასთან, ივანიშვილმა ძველი ინტერვიუც გაიხსენა განაცხადა: „თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი. თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება“, - აღნიშნა ივანიშვილმა entrepreneur-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან. პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ქონების ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა.