ივანიშვილი - აქტიური ბიზნეს საქმიანობა პოლიტიკაში შემოსვლამდე დავასრულე - ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა

აქტიური ბიზნეს საქმიანობა მე პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დავასრულე, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მივეცი „ვედომოსტს“ - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur-ის მიერ დასმულ შეკითხვას მის კაპიტალთან დაკაშირებით, რომელსაც „ფორბსი“ და „ბლუმბერგი“ აქვეყნებენ.

„ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს.

აქტიური ბიზნეს საქმიანობა მე პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დავასრულე, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მივეცი „ვედომოსტს“. საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს – სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან.