კაპიტალის ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში. ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება - განაცხადა entrepreneur-თან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.
„რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნეს-პროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნეს ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“ -აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, მან იმ ქონებაზეც ისაუბრა, რომელსაც იტოვებს: „ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, - აღნიშნა entrepreneur-თან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან.