ქვეყნები, რომლებიც 2021 წელს დიდი სესხებით შეხვდნენ

ვალის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ცუდად იმართება ან ფინანსურად არასტაბილურია.

ამის ნათელი მაგალითი მსოფლიოში უკვე არსებობს. ზოგიერთ უდიდეს, ეკონომიკურად გამართულ ქვეყანას მართლაც წარმოუდგენლად დიდი ვალი აქვს.

2010 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დასაშვები იყო მშპ-სთან (მთლიან შიდა პროდუქტთან) მიმართებაში 77% დავალიანების ქონა, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის 64%. დღეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. აი რა მდგომარეობაა 2021 წლის იანვრის მონაცემებით.

ბრაზილია: მშპ-ს 68.5%

ბრაზილიის მთლიანი სახელმწიფო ვალი 7,17 ტრილიონი რეალი, ანუ 1,41 ტრილიონი დოლარის ექვივალენტია. თავის მდგომარეობას ბრაზილია კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე უკვე კრიტიკულად აფასებდა. თუმცა, COVID19– ის აფეთქებამ ვითარება უფრო დაამძიმა და სახელმწიფო სექტორის სესხმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

უნგრეთი: მშპ-ს 70,41%

2004 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე სადავო წევრი იყო. 2010 წელს, პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის არჩევის შემდეგ, მისი ფინანსების ლეგიტიმურობის შესახებ კითხვები გაჩნდა. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულმა ოფისმა (OLAF) სექტემბერში გამოავლინა, რომ ეს იყო წევრი სახელმწიფო, სადაც ყველაზე მეტი ფინანსური დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის თაღლითობები, ევროკავშირის ბიუჯეტის გაფლანგვა და ა.შ. 2011 წელს საგარეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში 80.8% -ს მიაღწია, მოგვიანებით, ქვეყანამ ვალის შემცირება შეძლო. 2020 წლის მოვლენების გამო დავალიანება გაიზარდა 35 ტრილიონი ფორინტით, რაც 120,2 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

სამხრეთ აფრიკა: მშპ-ს 74,47%

სამხრეთ აფრიკას საგარეო ვალი ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას ცხრაწლიანი მმართველობის დროს გაეზარდა. Bloomberg -ის მონაცემებით, ქვეყნის დავალიანების გაზრდის ძირითადი მიზეზი გადაჭარბებული ხარჯები, არასწორი მენეჯმენტი და სავარაუდო კორუფცია გახდა.

სამხრეთ აფრიკის მთლიანი ეროვნული ვალი 3.81 ტრილიონი რანდია, ანუ 261 მილიარდი დოლარი, რაც 2019 წელს 20,7% –ით გაიზარდა. ქვეყნის სახაზინო პროგნოზების თანახმად, კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია გაცილებით უარესი გახადა.

მაროკო: მშპ-ს 76.6%

2019 წლის დეკემბერში, სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ “მაროკომ ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა", თუმცა ეროვნული ვალი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. ამასთან, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანამ კორონავირუსული პანდემიის ფინანსური შოკი ნამდვილად იგრძნო, რამაც მისი ვალი 2019 წელს მშპ-ს 65.5% -დან 2020 წელს 76.6% -მდე გაზარდა.

მაროკოს ეკონომიკის უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია ტურიზმზე, რაც პანდემიის გამო “ჩავარდა.“ ამის საპასუხოდ, მთავრობა იძულებული გახდა ისევ სესხი აეღო. დღეს ქვეყნის ვალი დაახლოებით 819,5 მილიარდ დირჰამს შეადგენს, რაც 92,28 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

ეგვიპტე: მშპ-ს 77,96%

ეგვიპტე ეკონომიკურ კრიზისში ხშირად იმყოფება. ქვეყნის ვალი 2020 წელს მშპ-ს 77,96% -მდე გაიზარდა. ეგვიპტე ვარაუდობს, რომ 2021 წელს დავალიანებას შეამცირებს, რაც ამჟამად 320,9 მილიარდი დოლარია.

პაკისტანი: მშპ-ს 79.67%

პაკისტანმა პირველი ვალი 1970-იან წელს აიღო, როდესაც მთავრობამ ნავთობის ფასების გაზრდის გამო დიდი თანხები ისესხა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ქვეყნებისგან მიღებული სესხების გავლენა თაობებს გადაეცა.

პაკისტანის მთლიანმა ვალმა 224,86 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. COVID19 პანდემიის დაწყებისთანავე, პრემიერ მინისტრმა იმრან ხანმა განაცხადა, რომ უფრო მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბ ქვეყნებს, როგორიცაა პაკისტანი სესხის ნაწილი მაინც უნდა ჩამოაჭრან. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა გარიგება.

იემენი: მშპ-ს 81.08%

2015 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალის ზრდას იემენში ხელი შეუწყო კორუფციის დონის ზრდამ, ტერორისტულმა აქტივობებმა და სამოქალაქო ომმა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ვალის ნაწილი ჩამოეწერა (ჩინეთმა ჩამოწერა 100 მილიონ დოლარზე მეტი), იემენის ეკონომიკა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყანას 12,41 ტრილიონი იემენის რიალის ვალი აქვს, რაც 49,67 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტია.

იორდანია: მშპ-ს 88,28%

კორონავირუსის პანდემიამ იორდანიის ფინანსურ მხარეს ძლიერად დაარტყა, რამაც სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია.

გასულ წელს ვალის ოდენობა მშპ-ს 77,23% -ის ექვივალენტი იყო, მაგრამ 2020 წელს 88,28% შეადგინა, რაც 26,7 მილიარდი იორდანიული დინარის, ანუ 37,66 მილიარდი დოლარის ოდენობას უდრის.

გაერთიანებული სამეფო: მშპ-ს 98,15%

დიდმა ბრიტანეთმა 2021 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირი დატოვა. ამჟამად მისი ეროვნული ვალი 2.2 ტრილიონი გირვანქა სტერლინგი - 2.97 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 98.15% -ია. როგორ განავითარებს დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ პროგრამას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ვალის ნაწილი მაინც ჩამოეჭრას.

ზამბია: მშპ-ს 99,72%

ზამბიის პრეზიდენტის, ედგარ ლუნგუს მხრიდან წარმოებულმა ცუდმა ეკონომიკურმა მენეჯმენტმა და კორუფციამ ქვეყნის ვალის ოდენობაც განაპირობა. 2020 წელს ვალი ქვეყნის მთელ მშპ-ს თითქმის გაუტოლდა. ჩინეთმა და ჩინურმა ინსტიტუტებმა აფრიკის ქვეყანას 3 მილიარდი დოლარის სესხი მისცეს, რაც საგარეო ვალის მეოთხედს შეადგენს, ხოლო COVID19 პანდემიამ ქვეყანაში სპილენძის წარმოება შეაჩერა.

კორონავირუსის გამო, ზამბიამ სესხის გარკვეული ნაწილის გადავადება შეძლო. ამჟამად მისი დავალიანება 405,71 მილიარდი ზამბიური კვაჩაა, რაც 19,16 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტია.

ბელგია: მშპ-ს 103,81%

გასულ წელს პირველად მოხდა, რომ ბელგიის ვალმა 500 მილიარდ ევროს (611 მილიარდი დოლარი / 459 მილიარდი ფუნტი) გადააჭარბა. ამჟამად მთლიანი ვალის ოდენობა 518 მილიარდ ევროს (630 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც მშპ-ს 103,81% -ის ტოლია.

პორტუგალია: მშპ-ს 130,27%

პორტუგალიის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ტურისტულ ინდუსტრიაზე, რაზეც უარყოფითად იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ. 2020 წელს ქვეყნის ვალი გაიზარდა და 323 მილიარდი დოლარი გახდა, რაც მშპ-ს 130.27%-ია.

იტალია: მშპ-ს 148.84%

კორონავირუსის კრიზისის გამო იტალიის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესიაში აღმოჩნდა. 2020 წლის მონაცემებით, იტალიის მთლიანი სახელმწიფო ვალი, 2.6 ტრილიონი ევროთი მშპ-ს 148.84% -ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანა მიიღებს 209 მილიარდ ევროს სესხებსა და გრანტების სახით.

ლიბანი: მშპ-ს 167,21%

1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ლიბანმა უამრავი სესხი დააგროვა, რისი მიზეზიც მთავრობების მიერ ქვეყნის ფინანსების არასათანადო მართვა გახდა. ლიბანი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, მისი ეროვნული ვალი 105.9 მილიარდი დოლარია, რაც მშპ-ს 167.21%-ის ტოლია.

თეონა რამაზაშვილი