რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს

რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს. აქამდე დაანონსებული იყო, რომ გადასახადი ტონაზე მხოლოდ 25 ევრო იქნებოდა.

როგორც ცნობილია, რუსეთი 15 თებერვლიდან საექსპორტო მარცვლეულზე საბაჟო ტარიფის დაწესებას აპირებს. ახალი წესი 30 ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში. როგორც „ინტერფაქსს“ მარცვლეულის ბაზრის მოთამაშეებმა ანონიმურად განუცხადეს, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ტარიფი აუცილებლად გაიზრდება და ის აქამდე გაჟღერებულ 25 ევროზე მეტი იქნება.

”განიხილება ახალი გადასახადი - 50 ევრო ტონაზე. ეს კი იმის გამო მოხდება, რომ შიდა ბაზარზე ფასები ჯერ კიდევ მაღალია”, - განუცხადა წყარომ „ინტერფაქსს“.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ედუარდ ზერნინის თქმით, საექსპორტო გადასახადი შემოდის მარცვლეულის შიდა ფასების სტაბილიზაციისთვის.

”თუმცა, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგეგმილი 25 ევრო თითქმის მთლიანად შეიწოვება უცხოური ბაზრების მიერ, ამიტომ მთავრობას სხვა გზა არ აქვს, ვიდრე გადახედოს გადასახადის იმ დონემდე გაზრდას, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შიდა ბაზარზე”, - თქვა მან.

რუსული ხორბლის ამჟამინდელი ფასი ერთ ტონაზე 275 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე კვოტის შემოღებას გეგმავს. კვოტირება შეეხება 17,5 მილიონი ტონა მარცვლეულს. ახალი წესის მიხედვით, ერთ ტონაზე ხორბალზე გადასახადი იქნება 25 ევრო, კვოტის მიღმა გადასახადი იქნება საბაჟო ღირებულების 50%, მაგრამ არანაკლებ 100 ევრო ტონაზე. რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ბაზრის დასაცავად მიიღო, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ საექსპორტო პროდუქციაზე ფასების ზრდა შეამცირებს ადგილობრივ ბაზარზე მარცვლეულის ფასს.