ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი პირველი თებერვლიდან უნდა დაიწყოს. მიიღებენ თუ არა კომპანიები მონაწილეობას მეორე ეტაპში, დამოკიდებული იქნება იმაზე, რას შეცვლის მთავრობა სუბსიდირების წესში. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „გლობალ მილინგის“ დირექტორმა გვანცა ქიმაძემ განაცხადა.
ცნობისათვის, სუბსიდირების პირველი ეტაპის დაწყებისას ( 1-ლი დეკემბერს) ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი 63 ლარს შეადგენდა, ამ დროისთვის კი ერთი ტომარა 66 ლარი ღირს. „გლობალ მილინგი“ კი ერთ-ერთია იმ 8 წისქვილკომბინატიდან, რომლებმაც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის პირველ ეტაპში მიიღო მონაწილეობა.
გვანცა ქიმაძის თქმით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა, სავარაუდოდ, მონაწილეობაზე მათი პასუხი იქნება უარყოფითი.
,,ამ ეტაპზე, პროგრამა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასი გაზრდილია და 66 ლარია ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება. არ მიგვიღია გადაწყვეტილება, პირველი თებერვლიდან ახალ ეტაპში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. ჯერ ველოდებით ბევრი დეტალის გარკვევას. გარდა იმისა, რომ გაზრდილია ელექტროენერგიის ტარიფი და იმატებს საექსპორტო ხორბლის ფასი, 1-ლი იანვრიდან სუბსიდიაც იბეგრება. ამასაც ექნება სხვა ფაქტორებთან ერთად გავლენა. გამოდის, რომ დასუბსიდირებული 10 ლარიდან კიდევ დღგ უნდა გადავიხადოთ. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, თუმცა, სავარაუდოდ მონაწილეობაზე ჩვენი პასუხი იქნება უარყოფითი.
მეხორობლეთა ასოციაციის შუამდგომლობით ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან და ისინი საქმის კურსში არიან, რა ცვლილებებია ბაზარზე, მას შედეგ რაც პირველი ეტაპი დასრულდა. ყველა ლოგიკური მოლოდინი ასეთია, რომ მეორე ეტაპისთვის სატენდერო პირობები უნდა შეიცვალოს. საბოლოო შედეგი რაც იქნება, მე ვერ ვიტყვი. 66 ლარამდე ფასმა აიწია მალევე, რაც სუბსიდირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ“-აცხადებს ,,გლობალ მილინგის“ დირექტორი.
შეგახსენებთ, ხორბლის ფქვილის სუბსიდირება 2020 წლის 1-ლი დეკემბერი - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფქვილის სუბსიდირების ბენეფიციარი ერთ ტომარას 53 ლარზე ძვირად გაყიდის, 50,000 ლარით დაჯარიმდება.