„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2020 წელი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე დაასრულა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2020 წელი ნულოვანი LTI (Lost Time Injury - დაზიანებით გამოწვეული დანაკარგი) მაჩვენებლით დახურა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიაში წლის განმავლობაში არ მომხდარა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული არცერთი ინციდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

„აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად დიდი წარმატებაა, საპორტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ჩვენ გარშემო არსებული შედარებით სუსტი უსაფრთხოების კულტურისა და მომეტებული საფრთხეების შემცველი გარემოს გათვალისწინებით.

უსაფრთხოება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ უმთავრესი პრიორიტეტია. უსაფრთხო ფიზიკური სივრცის შექმნითა და ყოველდღიურ საქმიანობაში საუკეთესო უსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვით, კომპანია მოწოდებულია, შეინარჩუნოს უსაფრთხო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისა და მომხმარებლებისთვის. 0-ი LTI, როგორც ყოველი წლის უცვლელი პრიორიტეტი, ცალსახად გამოხატავს უსაფრთხოების კუთხით კომპანიის მტკიცე განზრახვას და ამბიციურ მიზანს, რომლის მიღწევაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მთელი გუნდისთვის უზარმაზარი მნიშვნელობის მქონეა.

ყოველდღიურ საპორტო ოპერაციებში წარმატებით ნაცადი უსაფრთხოების პრაქტიკის გამოყენებასთან, სამუშაო პროცედურების რეგულარულ გადახედვასა და სამუშაოს შესრულების მუდმივ კონტროლთან ერთად, აღნიშნული მიღწევა არაერთი წარმატებულად განხორცილებული ღონისძიების შედეგია, რაშიც გადამწყვეტი როლი ჩვენი თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხო ქცევას ენიჭება. ასევე აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე ჩვენი უფრო და უფრო მეტი კოლეგა იყენებს აქტიურად ინციდენტების დაფიქსირების სისტემას, უსაფრთხოების რისკების აღმოჩენის, აღრიცხვისა და დროულად აღმოფხვრის მიზნებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც HSSE განვითარების ხელმძღვანელი თემურ კუხალეიშვილი აცხადებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების იდეის სხვაგვარ, ახლებურ კონცეფციას „Safety Differently”, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა 2020 წლის დასაწყისში აღებული სტარტის შემდეგ.

”მართალია სათანადო დაგეგმვა, სამუშაო პროცედურების სწორად აღსრულება, მუდმივი სიფხიზლე და ყურადღება, გამართული ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობასთან ერთად, უსაფრთხო სამუშაო სივრცის ძირითადი ელემენტებია, თუმცა, ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების იდეის სხვაგვარ, ახლებურ კონცეფციას „Safety Differently”, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა 2020 წლის დასაწყისში აღებული სტარტის შემდეგ და გულისხმობს სამუშაო პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მიერ უსაფრთხოებაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. მჯერა, რომ ამ მიდგომით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ზემოხსენებულ ნულოვან მაჩვენებელს, არამედ, შესამჩნევადაც გავაუმჯობესებთ ჩვენს უსაფრთხოების სტატისტიკას სხვა მიმართულებებითაც,“ - განაცხადა HSSE განვითარების ხელმძღვანელმა თემურ კუხალეიშვილმა.