,,თან ნაბიჯი გადადგა, თან ტვირთი მოიშორა“- ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქონების ფონდი ,,ქართუსთვის“ გადაცემა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
ჭიჭინაძის თქმით, ქონების გადაცემით ივანიშვილმა სიმშვიდე იყიდა.
„ახლა რეალურად წავიდა და აღარ იქნება ისე, როცა წინა წასვლის დროს, 2013-ში მსაჯულად დარჩა. ამჯერად, თავისი ქონებებიც დათმო. მან ერთ ლარად და შეღავათებით მიღებული ქონებები გადასცა ფონდს სამართავად. ეს არის ერთ- ერთი ნაბიჯი, რომლითაც მან სიმშვიდე იყიდა. შევხედოთ ასე - ვის სჭირდება ის, რაც გადასცა ფონდს. ძირითადად საუბარია ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე. ვის რაში სჭირდება ტურიზმი? ტურიზმის პერსპექტივა ნულის ტოლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. გამოვიდა, რომ ადამიანმა დააბრუნა ის, რაც ხარჯის მეტი არაფერი იყო მისთვის. დაკეტილი სასტუმროს მოვლა, თან იმ მასშტაბის როგორიც პარაგრაფია, დიდი ფინანსური დანახარჯია. თან ნაბიჯი გადადგა, თან ტვირთი მოიშორა“-განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. პოლიტიკიდან წასვლამდე კი მან საკუთარი ქონების ნაწილი ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადასცა. საუბარია, იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. მფლობელების ცვლილება კომპანიებში ძირითადად გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა რეესტრში. ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.