დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო მხოლოდ იმ ვაქცინით დაინტერესდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული

საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინით დაინტერესდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული, - აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

ხუნდაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში დათესონ, რომ თითქოს ქვეყანაში შემთხვევითი ვაქცინა შემოვა.

„მთავარია სწრაფად შემოვიდეს ვაქცინა და ის იყოს მაღალი ხარისხის, დაცული იყოს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობა, ასევე მათი უფლებრივი ნაწილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს, რომლის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო.

ინიციატორთა განმარტებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის მსოფლიოში ავტორიზებული ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ითხოვენ, ქვეყნების მხრიდან მაქსიმალურად იქნეს დაცული ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და სახელმწიფოს აღნიშნული რისკების გაზიარების მექანიზმების შექმნას სთხოვენ.

კანონპროექტით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების (მათ შორის გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმპორტიორს, სამედიცინო პერსონალს ან სამედიცინო დაწესებულებას, თუ ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით ან სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ქვეყანაში არსებული COVID-19-ით განპირობებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაქცინის შეძენა განხორციელდეს დროულად და აღმოიფხვრას, აღნიშნულთან დაკავშირებით, არსებული დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის არსებობა, რომელიც თავსებადი იქნება ერთის მხრივ COVID 19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის და მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში ხელმისაწვდომობის მოთხოვნებთან, მეორეს მხრივ მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებთან.

“საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების სიაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციები COVID-19-ის მართვისთვის პოტენციურად ეფექტური მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობისთვის იყენებენ გადაუდებელი აღიარების მექანიზმს. გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მექანიზმის აღიარება კანონის დონეზე შექმნის შესაძლებლობას საქართველოში ჯანდაცვის პროფესიონალებმა დროულად და შეუფერხებლად მოიპოვონ წვდომა ინოვატორულ სამკურნალო საშუალებებზე, პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.