აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. „პრეზიდენტმა“ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. შეზღუდვების ფარგლებში აფხაზეთში აკრძალულია: სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობა, საქორწილო, სადღესასწაულო და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბანკეტო დარბაზებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში, დახურულ სივრცეებში მასობრივი სპორტული, საქმიანი, გასართობი და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება, კულტურული დაწესებულებების საქმიანობა (თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების), ფიტნეს ცენტრების, სპორტული დარბაზების, საცურაო აუზების, სპა სალონებისა და საუნების საქმიანობა, ბავშვთა სათამაშო ცენტრების, კომპიუტერული ოთახების, ბოულინგების და სხვა გასართობი და რეკრეაციული ობიექტების საქმიანობა.
ბრძანება აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ პირებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირადი დამცავი საშუალებების გამოყენებას ავალდებულებს.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაიცვალა 142 პაციენტი, 7 506 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.