აშშ-ის ახალი ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ძალაში შედის

ვაშინგტონის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან იმპორტირებულ გარკვეული მოცულობის პროდუქციაზე დაიბეგროს გაზრდილი საბაჟო ტარიფით, სამშაბათს ვაშინგტონის დროით დილის 8 საათზე შევა ძალაში.

შედეგად კი ავიაწარმოებისთვის საჭირო საფრანგეთსა და გერმანიაში წარმოებული პროდუქცია 12 იანვრიდან დაიბეგრება 15%-ით. როგორც სააგენტო Reuters-ი განმარტავს, შტატებმა აქამდე უკვე აამოქმედეს 15%-იანი ტარიფები ევროკავშირიდან იმპროტირებულ თვითმფრინავებზე. თუმცა ეს ზომები არ იყო გამოყენებული კორპორაცია Airbus-ის აშშ-ის შტატ ალაბამაში წარმოებულ თვითმფრინავებზე. თვითმფრინავების ნაწილებზე ტარიფების შემოღება კი Airbus-ს წაართმევს საშუალებას, საკუთარი პროდუქციის რეალიზება გაზრდილი ტარიფების გარეშე მოახდინოს. შედეგად კი, როგორც სააგენტო წერს, ეს თვითმფრინავები ამერიკის ბაზარზე სავარაუდოდ, კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან.

გარდა თვითმფრინავების მაკომპლექტებელი დეტალებისა, 25%-იანი ტარიფები წესდება ცალკეული სახის ფრანგულ და გერმანულ ღვინოზე, და სხვადასხვა ალკოპოლურ სასმელებზე.

შეგახსენებთ, დავა აშშ-ს და ევროკავშირს შორის ავიამწარმოებლების უკანონო სუბსიდირების გამო 2004 წლიდან გრძელდება. ბრიუსელმა ვაშინგტონი Boeing-ის უკანონო სუბსიდირებაში დაადანაშაულა, ვაშინგტონმა კი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მხრიდან Airbus-ის უკანონო სუბსიდირებაზე საჩივრით მიმართა მსო-ს.

2019 წლის მარტში მსო-ს სააპელაციო ორგანომ ევროკავშირის აშშ-სადმი პრეტენზიების უმეტესობა დააკმაყოფილა.

კოკა კვირკველია