„ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება - ეს ორია ყველაზე ახლოს რიგში, რომელიც შესაძლებელია „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით მივიღოთ, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.
გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივეს შესაბამისი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება აქვს. მისივე თქმით, მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ვაქცინა და ვაქცინაციის პროცესს ქვეყანა ფეხდაფეხ გაჰყვეს.
„რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მარეგულირებელთა ავტორიზაცია მიიღონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამათაც განვიხილავთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი, რაც არის მინუს 70 გრადუსი, რაც არის “ფაიზერი“. ტექნოლოგიურად უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, “ასტრაზენეკა“ იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იანვრის ბოლოსთვის საქართველო მზად იქნება, პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად, რაც პირველ რიგში, მიმართული იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისკენ, ხოლო შემდეგ - რისკ-ჯგუფებისკენ.
„კოვაქსის“ პლატფორმიდან შეკვეთილია ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის, რაც 700 ათასი ადამიანია - მილიონ 400 ათასი დოზა. გარდა ამისა, „კოვაქსის“ მიღმა მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა უფრო სწრაფად ის ვაქცინები მივიღოთ, რაც ევროპის ქვეყნებს ექნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო.