პაბლო პიკასო, ეგონ შილე, ვილემ დე კუნინგი, ჯეფ კუნსი - ეს იმ მხატვრების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მან ბოლო დროს გადადგმულ სხვა არაოდინალურ ნაბიჯებთან ერთად, ამ კოლექციასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
"კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი "ქართუ ფონდში" მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“, - განაცხადა მან ონლაინგამოცემა entrepreneur-თან ინტერვიუში.
საქართველოს ყოფილ პრემიერის ჰობის თაობაზე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - ის ხელოვნების ნიმუშებს წლების განმავლობაში აგროვებდა. ცნობილია ისიც, რომ მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილო მის კოლექციაში გახლდათ პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატებთან ერთად". მან ეს ნახატი 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად.
რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებში ყველაზე დიდი ფული აქვთ გადახდილი. რეიტინგში მე-4 ადგილზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია. როგორც Business Insider-ი აღნიშნავდა, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ბიზნესმენის ქონების 15,6%-ს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილი ნახატების შეგროვებით ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებისას დაინტერესდა. მის კოლექციაში ნახავდით ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყვარელ მხატვრად მიიჩნევა თანამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, მხატვარი-ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.
ამერიკული პოპ-არტის თვალსაჩინო წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის "ინტერიერი წითელი კედლით" 1991 წლით თარიღდება და ივანიშვილმა 2008 წელს, "სოთბის" აუქციონზე მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციაში იყო ასევე შოტლანდიელი მხატვრის, პიტერ დოიგის "თეთრი კანოე", რომლის შეძენა ივანიშვილს 2007 წელს "სოთბის" აუქციონზე 11,3 მილიონი დოლარი დაუჯდა. განაგრძეთ კითხვა