„აბსოლუტურად რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული“- „ ყველაფერი, რაც გვჭირდება, მინიმუმ, მარცვლეული მაინც, საქართველოში უნდა იწარმოებოდეს“

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყველაფერი, რაც გვჭირდება, მინიმუმ, მარცვლეული მაინც, საქართველოში უნდა იწარმოებოდეს“,- ასე ეხმაურება მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე რუსეთის მიერ მარცვეულის ექსპორტზე დაწესებულ კვოტებსა და გაზრდილ საბაჟო გადასახადს.

როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქართველი ფერმერების უმრავლესობას გარკვეული რაოდენობის მარაგები წინასწარ აქვს შევსებული და ქათმის პროდუქცია ამის გამო მყისიერად არ გაძვირდება. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ფასების მომატებას მაინც გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე კვოტის შემოღებას გეგმავს. კვოტირება შეეხება 17,5 მილიონი ტონა მარცვლეულს. ახალი წესის მიხედვით, ერთ ტონა მარცვეულზე გადასახადი იქნება 25 ევრო, კვოტის მიღმა გადასახადი კი, საბაჟო ღირებულების 50%, მაგრამ არანაკლებ 100 ევრო ტონაზე. რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ბაზრის დასაცავად მიიღო, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ საექსპორტო პროდუქციაზე ფასების ზრდა შეამცირებს ადგილობრივ ბაზარზე მარცვლეულის ფასს.

საქართველოში სიმინდი და ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შემოდის. მაგალითად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 112,111 ტონა სიმინდი შემოვიდა, საიდანაც 107,780 ტონა, ანუ 96% რუსეთიდან. უფრო მეტია რუსული ხორბლის წილი, კერძოდ, ამავე საანგარიშო პერიოდში საქართველომ 448,550 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განახორციელა. აქედან 448,433 ტონა, ანუ თითქმის 99,9% რუსეთიდან შემოიტანა.

ზურა უჩუმბეგაშვილი: „რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც აწესებს ქვეყანა ექსპორტზე კვოტას და საბაჟო ტარიფებს ზრდის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყველაფერი, რაც გვჭირდება, მინიმუმ, მარცვლეული მაინც, საქართველოში უნდა იწარმოებოდეს. ჩვენს სამყოფზეა აქ საუბარი. წარმოიდგინეთ, ჯერ ისედაც ლარის კურსიდან გამომდინარე ყველაფერი გაძვირდა, ამას ემატება ცუდი მოსავალი და ახლა კიდევ საბაჟო გადასახადი. რუსეთმა ჯერ ზეთზე, ახლა სიმინდზე, ხორბალზე და თუ რამეზე შეიძლებოდა, ყველაფერზე გადასახადი დააწესა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენს მწარმოებლებს. ყველამ იცის, რომ ხორბლის და ყველა იმ კომპენენტის 90% შემოტანილია, რომელსაც ჩვენი მიმართულების ფერმერები ხორცის და ა.შ. პროდუქციის საწარმოებლად იყენებენ. აბსოლუტურად რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული.

ვერ გეტყვით, რომ ეს ფაქტი ჩვენთან პროდუქციის გაძვირებას მყისიერად გამოიწვევს. იმიტომ, რომ ყველას თავისი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. მაგალითაც, ჩემ საწარმოს მთელ რიგ ნედლეულზე გაკეთებული აქვს გარკვეული რაოდენობის მარაგები. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს საშულო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმაუნდა, გამოიწვევეს პროდუქციაზე ფასის მომატებას. თუმცა, არა მყისიერად, 15-ში რუსეთმა გადასახადი დააწესა და 16-ში უკვე პროდუქცია გაძირდეს, ეს არ მოხდება“.

როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი ამბობს, საქართველოში მუდმივად მიდის მსჯელობა, მარცვეულის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ ჩანს.

„ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მივდევდით და ვეწეოდით ამერიკას. ადგილობრივი წარმოების ზრდაზე სულ მიდის საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით, იმპორტით ჩამოკიდებული ვართ რუსეთზე ან უკრაიანზე. ასე რომ, კუს ნაბიჯებით მივდივართ“,-ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ნინი ქეთელაური