იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფაქტობრივად უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულების დაფინანსებას გულისხმობს.
„შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია არის ძალიან დადებითი. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის, წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს.
10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რომელიც არის საგრანტო დაფინანსების შედეგი. რამდენიმე ათას ჰექტარზეა სასათბურე მეურნეობები, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ბოსტნეული არასეზონზე.
რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას. ჩვენ გავაჩინეთ მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები, ფაქტობრივად, უფასოდ იმისათვის, რომ სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს.
ჩვენ გვქონდა პირდაპირი დახმარებები. ეს იყო აგრობარათებზე დარიცხული ქულები, რომ ფერმერებს უფასოდ მიეღოთ პესტიციდები, დაზღვევის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობები და ა. შ. - ეს იყო მყისიერი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ 2020 წელს დავამატეთ ძირითად პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტს: პირველად წარმოებაში საგრანტო თანადაფინანსებას, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების თანადაფინანსებას, ტექნიკურ დახმარებაში თანადაფინანსებას, აგროკრედიტს და აგროდაზღვევას.
ეს პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული საქმიანობის განხორციელება იმისთვის, რომ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა და სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ეკონომიკაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.