„2 კვირის პერიოდში მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ფქვილისის სუბსიდირების თანხის გაზრდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან უკვე აქვთ წინადადება, თუ მინიმალურად რა მასშტაბში უნდა იყოს სუბსიდირება გაზრდილი.
„ფქვილის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მოქმედი დადგენილება არის 4 თვით მიღებული. ბაზარი საკმაოდ დიდი რყევების წინაშეა, არის ბევრი მოულოდნელობა საერთაშორისო ბაზრებზე, ამიტომ მთავრობა ცდილობს ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც ამა თუ იმ პერიოდისთვის ყველაზე ეფექტურია. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 1-ლი დეკემბრიდან 10 ლარი ყოფილიყო სუბსიდიის ოდენობა ანუ ფქვილი 63 ლარად უნდა გაეყიდათ და 53 ლარად უნდა მიეღოთ საცხობებს. შედეგად, თითქმის 70 საცხობია ჩართული ამ პროცესში და ქარხნული პური არ გაძვირებულა და პურის ფასს ვინარჩუნებთ.
დღეს უკვე განსხვავებული მოცემულობა გვაქვს, ცნობილია, რომ რუსეთი 15 თებერვლიდან შემზღუდავ ღონისძიებებს აწესებს, საექსპორტო მოსაკრებელი მაქვს მხედველობაში. ამავე დროს ვაკვირდებით მსოფლიო ბაზრებს და ფასის ზრდის ტენდენცია კვლავ აქტუალურია. ამიტომ ვმუშაობთ და ვფიქრობ, დაახლოებით, 2 კვირის პერიოდში მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, იმ პერიოდისთვის, რომელიც უფრო ნათლად გვიჩვენებს, უკვე გაზაფხულზე განსახორციელებელი ღონისძიებების მასშტაბებს.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან უკვე გვაქვს წინადადება თუ მინიმალურად რა მასშტაბში უნდა იყოს სუბსიდირება გაზრდილი. შევისწავლით ამ ყველაფერს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, პროცესი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის და მინდა დავარწმუნო ყველა - საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება, რომ ქარხნულ პურზე ფასები იქნებოდა უცვლელი, შენარჩუნებული იქნება შემდგომ პერიოდშიც,“-განაცხადა ხანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, 1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 65-67 ლარია, შესაბამისად 10-ლარიანი სუბსიდია აღარ არის საკმარისი, რომ წისქვილ-კომბინატებმა 53 ლარად მიაწოდონ ფქვილი მასობრივი მოხმარების პურის ქარხნებს. მათივე ცნობით, ახალი ტენდერი 20 იანვრის შემდეგ უნდა გამოცხადდეს და თუ პირობები იგივე იქნება, შესაძლოა, ბევრ კომპანიას აღარ გაუჩნდეს მონაწილეობის ინტერესი.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის სუბსიდირება დადგენილი ტარიფით 2020 წლის 1-ლი დეკმბრიდან - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფქვილის სუბსიდირების ბენეფიციარი ერთ ტომარას 53 ლარზე ძვირად გაყიდის, 50,000 ლარით დაჯარიმდება.