ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით ქვეყანაში ვითარების "სრული სტაბილიზაცია შეინიშნება"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მიმართულებით სრული სტაბილიზაცია შეინიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის კლინიკებში 2972 თავისუფალი ადგილია, დღის განმავლობაში ხდება 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად არის მობილიზებული ჰოსპიტალური სექტორი.

„სტატისტიკის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს სრული სტაბილიზაცია და მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ისეთი გახსნების დაწესება და იმდენად კარგად აღსრულება იმ კონტროლის მექანიზმების, რომ დღესდღეობით ქვეყანაში არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა. დღეისთვის ჰოსპიტლებში ჩვენ გვყავს 3873 ადამიანი, 807 ადამიანი არის ჟანგბადდამოკიდებული, საიდანაც 245 ადამიანი არის აპარატზე. თავისუფალი გვაქვს 2972 ადგილი, დღის განმავლობაში ხდება 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სრულად არის მობილიზებული ჰოსპიტალური სექტორი. დამატებითი საწოლების მობილიზება საჭირო არ არის,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.