„კოვაქს” პლატფორმიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიღებული და დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანა მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა ვაქცინაც დაემატოს.
„რაც შეეხება „კოვაქს“ პლატფორმასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. ინტენსიური მზადების ფაზაში საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ გაიმართა უკვე პარლამენტში პირველი საკომიტეტო შეხვედრა, რაზეც ცვლილებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმურად გვექნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში.
ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ მისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა ვაქცინა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული პროცესი და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში.
ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტში ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.