პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა. აღნიშნულის შესახებ მან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს, 1 600-ზე მეტი შემთხვევაა, გუშინ 1 800 იყო, მაგრამ ერთი საიმედო და კარგი ნიშანი არის ის, რომ პირველად, ამ ბოლო თვეების მანძილზე (დადებითი პასუხების მაჩვენებელი) 8%-ზე ჩამოვიდა. 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან დაახლოებით, 8% იყო დადებითი. პირველად მოხდა, რომ ჩვენ 10%-ზე დაბლა ჩამოვედით გატესტილებიდან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ დაახლოებით, 100-200 შემთხვევიდან ორ თვეში 5 000-მდე ავედით. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა იმნაძემ.