ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია - შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.
ტიკარაძის განმარტებით, ცალსახად საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
“როგორც კი სარწმუნო წყაროდან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საჯარო გავხადეთ. როგორც კი, გვექნება შემდეგი დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შეძლებს “კოვაქს პლატფორმა“, ამასაც გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ ალტერნატიული ბაზრებს გარკვეული რისკები გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზაა ვაქცინაციის მიღებისათვის“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.