Forbes-მა კრიპტოვალუტების ხარჯზე გამდიდრებული ბიზნესმენების რეიტინგი წარადგინა

კრიპტოვალუტების ბირჟის Gemini-ის დამფუძნებლებმა ტყუპმა ძმებმა კემერონ და ტაილერ უინკლვოსებმა პირველი ადგილი დაიკავეს ჟურნალ Forbes-ის მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, რომელიც ასახავს კრიპტოვალუტების ხარჯზე გამდიდრებული ბიზნესმენების ქონებრივ მდგომარეობას. საიტის ცნობით, თითო ძმის აქტივები კრიპტოვალუტების მიხედვით შეფასებულია 1,4 მილიარდ დოლარად.

რეიტინგში მეორე ადგილზეა სტარტაპ Bloq-ის დამფუძნებელი მეთიუ როსზაკი, რომლის აქტივებმა კრიპტოვალუტებში შეადგინა 1,2 მილიარდი დოლარი. მესამეზეა სილიკონ ველის საინვესტიციო დინასტიის წევრი ტიმ დრეიპერი. მისი კრიპტოვალუტების აქტივები შეფასებულია 1,1 მილიარდ დოლარად.

მეოთხე ადგილზეა MicroStrategy-ის ფინანსური დირექტორი მაიკლ სეილორი 600 მილიონი დოლარის აქტივებით, ხოლო მეხუთე ადგილზეა კომპანია Galaxy Investment Partners-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი, 478 მილიონი დოლარის აქტივით. ლიდერთა ექვსეულს კრავს ვიტალიკ ბუტერინი, რომელიც გახლავთ კრიპტოვალუტა Ethereum-ის შემქმნელი. ახლა მისი ქონება შეფასებულია 360 მილიონ დოლარად.

როგორც Forbes წერს, კრიპტოვალუტების ბაზარზე სპეცილიზირებული ანალიტიკური სერვისის Messari-ის მონაცემებით, ამ დროისთვის არსებული ყველა ციფრული ვალუტის ღირებულება არის 920 მილიარდი დოლარი, 8 იანვარს კი ეს მაჩვენებელი 1 ტრილიონ დოლარს უდრიდა.

შეგახსენებთ, ბიტკოინის ფასი ბოლო თვეებში ინტენსიურად იზრდებოდა, ხოლო 8 იანვარს მან ახალი ისტორიული ნიშნულს 41 ათას დოლარს მიაღწია. ამის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი იკლებს.

კოკა კვირკველია