ბავარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეებს FFP2 პირბადეების ტარებას მოსთხოვენ

მომავალი კვირის ორშაბათიდან გერმანიაში, ბავარიის შტატში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ან საყიდლებზე სიარულის დროს მოქალაქეებს FFP2 პირბადეების გამოყენებას მოსთხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, რომ ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო გავხადოთ", - განაცხადა ბავარიის პრემიერ - მინისტრმა მარკუს სოდერმა.

FFP2 პირბადე ქირურგიული პირბადისგან განსხვავდება და დაინფიცირებისგან დაცვის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მას ხშირად იყენებენ მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვაში.

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია კვლავ მძიმეა. ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი. 4 იანვარს ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.