„მაგთიკომში“ მესაკუთრეების წილები იცვლება - გია ჯოხთაბერიძე წილს 75%-მდე იზრდის

„მაგთიკომში“ წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით ცვლილებებია. გია ჯოხთაბერიძე, რომელიც აქამდე კომპანიიის 54%-ს ფლობდა, წილს 75%-ზე იზრდის. ირაკლი რუხაძის წილი კი 9,3%-დან 3%-მდე მცირდება. ასევე მცირდება სხვა ბენეფიციარების წილი, უცვლელი რჩება მხოლოდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილის წილი, რომელიც 15%-ს შეადგენს. საკომუნიკაციო კომპანიამ წილების ცვლილებაზე კომუნიკაციების კომისიის თანხმობა 31 დეკემბერს მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუკი ტრანზაქცია განხორციელდება, კომპანიაში მესაკუთრეთა წილები ასე გადანაწილდება:

  • გია ჯოხთაბერიძე - 75% (იყო 54% )
  • ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%, (იყო 15%)
  • ბენჟამინ ალბერტ მანზონი - 1.4% (იყო 4.34%)
  • იგორ ალექსეევი - 0.7% (იყო 2.17%),
  • ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 3% (იყო 9.3%),
  • ნათელა სახოკია - 3% (იყო 9.3%),
  • ვლადისლავ ალექსეევი - 1.2% (იყო 3.72%),
  • ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 0.7% (იყო 2.17%)

კომისია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ, შპს „მაგთიკომის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ სადამფუძნებლო სტრუქტურაში ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმოდგენილი წილობრივი ცვლილებები, შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

ცნობისათვის, “მაგთიკომს“ ორი კომპანია ფლობდა: „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51%; ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” - 49%. თავად "ტელსელ უაიერლეს კომპანის" ფლობს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქცია საბოლოოდ განხორციელდა, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.