იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 7 რეგიონში გამოცხადდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ 7 რეგიონში გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობა დედაქალაქ ტოკიოსა და სამ მეზობელ რეგიონში გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა კომპანიებს ავალებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობაში და ოფისებში თანამშრომლების რაოდენობა 70% -ით შეამცირონ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლება მოსახლეობას სახლიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გასვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, რესტორნები ვალდებულები არიან, ყოველდღე საღამოს 8-საათამდე დაიკეტონ.