გერმანია, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 იანვრიდან ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის რომელიმე ქვეყნიდან შედის, გერმანიაში შესვლიდან არაუგვიანეს 48-საათში მოუწევს დაამტკიცოს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან და სამხრეთ აფრიკიდან, შესვლის მსურველებმა კი, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესვლამდე უნდა წარადგინონ.
ამასთან, გერმანიაში კარანტინთან დაკავშირებული წესები ძალაში რჩება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში შესვლისას მოქალაქე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს, მას კარანტინში ყოფნა 5 დღის განმავლობაში მოუწევს, სხვა შემთხვევაში კი, სავალდებულო კარანტინის ვადა 10 დღეა.
„საზღვარგარეთ, რისკის ზონებში მოგზაურობა პანდემიისგან შექმნილ სიტუაციას არ შეესაბამება. ვირუსის მუტაციები დამატებითი საშიშროებაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გერმანიაში მათი გავრცელება მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.